ისტორიაში პირველად, 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება.
ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოაწერეს.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ძიუდოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობაზე ისაუბრეს.
„ბუდაპეშტში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სათაო ოფისში, ხელი მოეწერა ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას.
ეს თითოეული იმ ძიუდოისტის დამსახურებაა, რომლებმაც წლების განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატის მედლები მოუტანეს.
მინდა, ქართველ გულშემატკივარს ეს დიდი აღიარება მივულოცო“, - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.