პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი - IV ეტაპი 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება, რაც საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge განხორციელდება, რომელსაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპის რეგისტრაცია 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში კი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები კი 5 ეტაპს მოიცავს.
პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისიდან დაიწყება. ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.