გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს
საქართველოს 3x3-ზე კალათბურთის ნაკრების წევრი გორელი სპორტსმენი ნატალი ჩუტკერაშვილი ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი აგვისტოში ანტვერპენში (ბელგია) გაიმართება.
როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში 12-12 ნაკრებს ფიბას რეიტინგით და მასპინძლის სტატუსით ადგილები უკვე მოპოვებული აქვთ. 7-7 საგზური კი სამ საკვალიფიკაციო ტურნირზე გათამაშდება. 13-14 ივნისს კოშიცეში (სლოვაკეთი) გასამართ შეჯიბრში გორელი კალათბურთელი იასპარეზებს.
ნატალი ჩუტკერაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია (მწვრთნელი ვერა შავშიშვილი). სპორტსმენს საქართველოს ნაკრების რიგებში როგორც კლასიკურ, ისე 3X3-ზე კალათბურთში არაერთხელ უასპარეზია.
ცნობისთვის, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ორი საგზურის მოსაპოვებლად კოშიცეში ათი გუნდი იბრძოლებს, რომლებიც ხუთ-ხუთ გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ევროპის თასის საგზურს მიიღებს. საქართველოს ნაკრებთან ერთად, უნგრეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის და სერბეთის გუნდები იასპარეზებენ.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას ნატალი ჩუტკერაშვილი, თეონა მაჩალაძე, ხატია ქებურია და ლია სეხნიაშვილი დაიცავენ (მწვრთნელი ანა მაისურაძე).