გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ატენის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.
„პროექტი 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები, გათბობის, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემები, საჭიროების შემთხვევაში კი განხორციელდება შენობის გამაგრებითი სამუშაოებიც.
პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მიზანი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნაა“, - აცხადებენ უწყებაში.