ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკურსი - „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მხარდაჭერა“ გამოაცხადა.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მუნიციპალიტეტებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან არსებულ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოებს, რომელთა სადამფუძნებლო დოკუმენტაციით საქმიანობის სფეროდ ახალგაზრდობის განვითარების საკითხებია განსაზღვრული.
„კონკურსის მიზანია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება და მათი ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და მათ განვითარებას.
საკონკურსო განაცხადები 10 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე: grants-2@ youthagency. gov. ge მიიღება და კონკურსის საერთო ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი - 15 000 ლარია“, - აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.
რაც შეეხება საგრანტო კონკურსის თემატურ მიმართულებებს, შემდეგია: სწავლის საკვანძო კომპეტენციების (ციფრული, STEM, მეწარმეობა) განვითარება; ინტერკულტურული დიალოგი; სამოქალაქო პასუხისმგებლობის, მოხალისეობის და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა არაფორმალური განათლებით; მშვიდობის მშენებლობა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სერვისების შექმნა; ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა; საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები.
მსურველებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის დეტალური ინფორმაციის ნახვა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.