გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ახალი, 100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
პროექტი მოზარდების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალიწინებს.
კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, კვებისთვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, შიდა და გარე სპორტული სივრცეები მოეწყობა.
სოფელ არაშენდას ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარს შეადგენს.