საერთაშორისო გამოფენაში - Foodex Japan 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
საერთაშორისო გამოფენაში - Foodex Japan 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო და 2026 წლის 23 ივნისის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.
„საერთაშორისო გამოფენა - Foodex Japan 2027 იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2027 წლის 9 – 12 მარტს გაიმართება და მინაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.
გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.
Foodex Japan აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენას მსოფლიოს მასშტაბით 73 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა, გამოფენაში კი 76 ქვეყნიდან 3200 კომპანია მონაწილეობდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.