საზოგადოება
09.06.2026 17:01
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები STEM პროექტების კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის და ბერშუეთის საჯარო სკოლებმა STEM პროექტების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.

„STEM ინოვატორთა ასოციაციის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კონკურსში ფლავის საჯარო სკოლის მოსწავლეების: გიორგი ელიზბარაშვილის, მანანა ტატულაშვილის, რუსუდან ტატულაშვილის, ბარბარე ნიკოლიშვილის და თამუნა არჩუაძის ინოვაციურმა პროექტმა - „უსაფრთხოების მონიტორინგი და სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ციფრული არქივი“ და ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების: გიორგი ზაუტაშვილის, ანა ბერიანიძის, ელენე გლურჯიძის, მარიამ ბერიანიძის „წყლის ფილტრაცია, ხარისხის კონტროლი და ავტომატიზებული სარწყავი სისტემა - მედეგი სოფლისთვის“ ინოვაციურმა პროექტმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
 
აღსანიშნავია, რომ გუნდების ხელმძღვანელი თეა ხუროშვილი „2026 წლის საუკეთესო STEAM ინოვატორად“ დასახელდა.
გამარჯვებულებს და გამორჩეულ მონაწილეებს სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.

„2026 წლის საუკეთესო STEAM ინოვატორის“ ტიტული და ორი პირველი ადგილი ერთ კონკურსში!
„ემოციებს ვერ ვმალავ. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და საამაყო დღეა.
ვამაყობ ჩვენი მოსწავლეების შრომით, პასუხისმგებლობით და შემოქმედებითი აზროვნებით. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ რეალური პრობლემების დანახვა, კვლევა და მათი ინოვაციური გზებით გადაჭრა. ვამაყობ მათი გუნდური სულისკვეთებით, მონდომებით და მიზანდასახულობით!
ეს აღიარება მხოლოდ ჩემი არ არის, ის ეკუთვნის ჩემს მოსწავლეებს, კოლეგებს, ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც ამ გზაზე გვერდით მედგა“, - აღნიშნა თეა ხუროშვილმა.
კვირის ამბები