სკრა-ქარელის სარწყავი წყლის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს მელიორაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მაგისტრალური არხის დაახლოებით 11-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. არხი დანალექი გრუნტისგან და ეკალ-ბარდისგან გაიწმინდა, დაზიანებული ფილები კი ახალი ფილებით და მონოლითური ბეტონით ჩანაცვლდა, ასევე მოეწყო ბორდიურები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძამის დიუკერსაც, აღდგა დაზიანებული მონაკვეთები და მოეწყო სხვადასხვა ტიპური ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
„პროექტი, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ. ლარი შეადგინა, დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკრა-ქარელის მაგისტრალური არხის ტექნიკური მდგომარეობა - გაიზარდა სარწყავი წყლის გამტარუნარიანობა და 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდა“, - აღნიშნეს „საქართველოს მელიორაციაში“.