საზოგადოება
08.06.2026 15:57
1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის პერიოდში, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, უკანონო ტყითსარგებლობის 163 ფაქტი გამოავლინეს და სამართალდარღვევებიდან 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 58 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს ეხება.

„2026 წლის მაისში 10 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა. ჯამში ამოღებულია 284 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. რეგიონების მიხედვით უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 65 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის იმერეთი - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22, გურია - 12, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, კახეთი - 7, შიდა ქართლი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, ქვემო ქართლი - 3. სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - 2026 წლის მაისში, თბილისში გამოვლენილია 1 უკანონო სახერხი საამქრო.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები