საზოგადოება
08.06.2026 11:38
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეს დასრულდება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეს, 8 ივნისს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა მსურველებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online. naec. ge 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

„სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ გრაფა - „სპეციალური პირობები“ და 8 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა № IV-100/ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (თბილისი, ე. მინდელის №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადა“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

დაინტერესებულ პირებს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ.

კვირის ამბები