საზოგადოება
05.06.2026 14:08
2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 10.7%-ით გაიზარდა
2026 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვა 10.7%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი - 62.0 მლრდ ლარი შეადგინა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ბიზნესის გამოშვება 12.4%-ით გაიზარდა და 23.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში: მსხვილი საწარმოების გამოშვება 13.0%-ით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.9% შეადგინა.

„იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების კუთხით. გამოშვების ზრდა დაფიქსირდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის, აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და ა. შ.

ეკონომიკურ აქტივობასთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2026 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.7%-ით (28.5 ათასით) გაიზარდა და 799.4 ათასი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია.

წინა წლის I კვარტალთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაზრდილია ეკონომიკის ყველა სექტორში. დასაქმების ზრდის პარალელურად, გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებაც“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
კვირის ამბები