საზოგადოება
05.06.2026 13:32
„ჩემი მყუდრო სივრცე“ - ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით პროექტი ხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩემი მყუდრო სივრცე“ ხორციელდება.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს და აქტივობებში ახალდაბის საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლე, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან ჩართულნი.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, პროექტის - „ჩემი მყუდრო სივრცე“ მიზანი მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და თანამედროვე, კომფორტული სამკითხველო გარემოს შექმნაა.

„სკოლაში უკვე მოეწყო სამკითხველო სივრცე, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თავისუფალ დროს სასურველი ლიტერატურა წაიკითხონ, ჩაერთონ დისკუსიებში, მონაწილეობა მიიღონ კითხვის კლუბის შეხვედრებსა და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში. მოსწავლეეები, ასევე თბილისის წიგნის მუზეუმს და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრებიან“, - აცხადებენ გორის მერიაში.

პროექტის ფარგლებში, ახალდაბის სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“ გერმანულ ენაზე წარადგინეს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, გერმანიის საელჩოს და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირის ამბები