1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაეროს კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე - 1973 წლიდან აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას, ასევე მსოფლიოში ეკოლოგიური პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლებას და ადამიანების წახალისებას ბუნებაზე ზრუნვისკენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას უძღვნის. 2026 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი თემაა „ბუნებით შთაგონებული - კლიმატისთვის - ჩვენი მომავლისთვის“.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნავს და როგორც უწყებაში აცხადებენ, ბუნების დაცვა, აღდგენა, მონიტორინგი და დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ჯანსაღი და უსაფრთხო მომავალი კი ბუნებაზე ზრუნვით იქმნება.