საზოგადოება
02.06.2026 12:03
პატარა გარეჯვარში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ფრინველთა არალეგალური სასაკლაო სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოავლინეს: ფიზიკური პირი ნ. მ. სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველების დაკვლას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ახორციელებდა.

„აღნიშნული მეწარმე, ამავდროულად, არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ ჰქონდა სააგენტოს სავალდებულო აღიარება. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები