საზოგადოება
02.06.2026 11:33
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
დღეს, 2 ივნისს, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება. თარიღი კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით, 1999 წელს - 27 წლის წინ დაარსდა და მისი აღნიშვნის მთავარი მიზანი მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები წელსაც აიღეს. როგორც ცნობილია, საანალიზე მასალაში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზევე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მისი სიგრძე 400 კილომეტრია. აუზის საერთო ფართობი კი 188 000 კვადრატული კილომეტრია.
კვირის ამბები