საზოგადოება
01.06.2026 12:39
1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - თარიღი ბავშვებს გივი მიქანაძემ მიულოცა
1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს. თარიღი ბავშვებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ზრდასრული ადამიანების მთავარი საზრუნავი ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, მათი სურვილებისა და ოცნებების ახდენაა.

„ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ყოველი დღე თქვენ გეძღვნებათ. ჩვენი, ზრდასრული ადამიანების, მთავარი საზრუნავი თქვენთვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენაა.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გააზრებისა და ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ყოველწლიურად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ძალა და მთავარი იმედი. ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში შეგიქმნათ გარემო, სადაც მიიღებთ ღირებულ ცოდნას და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ.

დაისახეთ თამამი მიზნები, არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა.

მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ, უდარდელ, სიყვარულით სავსე ბავშვობას და უამრავ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

კვირის ამბები