26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში მასშტაბურად აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიბები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე გამოიფინა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, რომელიც მთავრობის მეთაურმა, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტრანტინე ბუზალაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი ტექნიკა და სივრცეები დაათვალიერა და საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
სტუმრებს სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა, ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი და სპორტული აქტივობა გაიმართა, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცე, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების ინტერაქტიული („ჭკვიანი ქალაქი“); ისტორიული და თემატური, სიმბოლური საპასპორტო კონტროლის, კვების და ტკბილეულის სივრცეები; ტექნიკის და სპეციალური აღჭურვილობის, პოლიციის ფორმების და ატრიბუტიკის გამოფენები, ასევე საინფორმაციო და ინტერაქტიული სტენდები, საცოცი კედელი, ფოტოზონები და თემატური ინსტალაციები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, სასაჩუქრე და ბრენდირებული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვაც.
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გორში საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები კონცეფციით: „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“ ჩატარდა.
შეგახსენებთ, 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.