მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების წესში ცვლილებებია
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების წესში ცვლილებებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, 22 მაისიდან, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტის 12-დან 15-მდე გაზრდას გულისხმობს, 15 ივნისიდან შევა ძალაში.
ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.
რაც შეეხება B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდას, კანდიდატს სამი შეცდომის ნაცვლად, ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება.
გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან გამოსაცდელმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროს.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.