არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.
ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, თუმცა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებით საქართველოს სკოლების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად ირიცხებიან, ცენტრში დამამთავრებელი კლასის მოსწავლედ რიცხულობის თაობაზე დოკუმენტი 25 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
განცხადების წარდგენა სავალდებულოა იმ პირებისთვისაც, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ. შესაბამისად, მათ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ექსტერნად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარადგინონ.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, რადგან აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი გახდება“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.