საზოგადოება
21.05.2026 15:21
იანვარ-აპრილში საქართველოში ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში ისტორიულ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იანვარ-აპრილში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 2,439.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 73.5%-ით გაიზარდა და 1,551.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის აპრილში ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და თვის რეკორდულ მოცულობას - 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2025 წლის აპრილთან შედარებით 69.3%-ით არის გაზრდილი და 428.2 მლნ აშშ დოლარი შეადგენა.

„არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ოთხ თვეში ექსპორტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ჩინეთს და ყირგიზეთს უკავია, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ტოგოში, თურქეთში, სომხეთში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში.

პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილის და სხვა კაკლის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლების და ღვინოების ექსპორტი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები