პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა გადამზადების კურსი გაიარეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა პროფესიული გადამზადების კურსი გაიარეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გადამზადების კურსი, რომელსაც ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, დაცული ლანდშაფტების თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების რეინჯერებთან ერთად, თუშეთისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
„სამდღიანი პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს, მათ შორის: ტყის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და კანონაღსრულების მექანიზმებს, თევზჭერის რეგულაციებსა და შესაბამის სამართლებრივ მოთხოვნებს, ნადირობის წესებსა და დარღვევების იდენტიფიცირების პრაქტიკას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის წესებს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასებისა და აღრიცხვის პრაქტიკულ მეთოდებს, ხე-ტყის მოცულობის დადგენას, ტყეკაფების მონიშვნასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეინჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას“, - აღნიშნეს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა.