საზოგადოება
20.05.2026 14:14
სურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის დარღვევაზე სანქცია წესდება
სურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევაზე სანქცია წესდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება და როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, შესაბამისი ინიციატივით სამინისტრომ პარლამეენტს უკვე მიმართა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

„სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა, აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.
კვირის ამბები