საზოგადოება
20.05.2026 11:09
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღეა
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღის აღნიშვნის მიზანია ყურადღება მიექცეს ფუტკრების როლს ადამიანების და პლანეტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ეს აძლევს შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ ქმედებებს, რომლებიც განავითარებს და დაიცავს მეფუტკრეობას.

ფუტკრის მსოფლიო დღე 20 მაისს 2018 წლიდან აღინიშნება (რადგან ამ დღეს სლოვენიაში დაიბადა ანტონ იანშა, თანამედროვე მეფუტკრეობის პიონერი). თავდაპირველად ამ დღის დასაწესებლად წინადადება გამოთქვა სლოვენიის მთავრობამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ძალისხმევით კი დაამტკიცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ.

უნდა აღინიშნოს, რომ მეფუტკრეობა საქართველოს ისტორიას მჭიდროდ უკავშირდება. დადგენილია, რომ ქართველები შინაურ მეფუტკრეობას ძვ.წ. მე-4 საუკუნეში იცნობდნენ და დიდი რაოდენობით თაფლს აწარმოებდნენ. ამასთან, ქართველები ფუტკარს ღვთაებრივ მწერად თვლიდნენ, მისი კულტი ჰქონდათ შექმნილი და წელიწადში ერთ დღეს ფუტკარს უძღვნიდნენ. ფუტკართან დაკავშირებული უამრავი წეს-ჩვეულება, ლექსი თუ ანდაზა ჩვენამდე მოღწეულია და ადასტურებს ქართველთა ფუტკრისადმი სიყვარულს.

ფუტკრები საუკეთესო დამმტვერავი მწერები არიან. დამტვერვით ფუტკარი მცენარეებს ეხმარება ზრდაში, გამრავლებასა და საკვების წარმოებაში. ფუტკრებს ყვავილოვან მცენარეებს შორის მტვერი გადააქვთ და ინარჩუნებენ სასიცოცხლო ციკლს. უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკარი ამტვერიანებს ევროპის ყვავილების 80%-ს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მიზნობრივ პროექტს ახორციელებს.

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონაცემთა ერთიან ბაზაში 94 საფუტკრე მეურნეობა და 3923 ფუტკრის ოჯახი დაარეგისტრირა.
კვირის ამბები