საზოგადოება
19.05.2026 14:33
სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეების მხარდაჭერა და მათი დახმარება იდეების რეალურ სტარტაპებად გარდაქმნაში.

„პრე-აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და რეგისტრაცია უკვე ღიაა დაინტერესებული პირებისთვის. ოთხკვირიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან, როგორ აქციონ იდეა მინიმალურ სიცოცხლისუნარიან პროდუქტად (MVP) და მოემზადონ დაფინანსების მოსაპოვებლად.

პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია და მოიცავს: ლოჯისტიკურ მხარდაჭერას (ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტებიდან და კვება ფიზიკური შეხვედრებისას); ტექნოლოგიურ რესურსებს (წვდომა ფასიან AI ხელსაწყოებზე და მხარდაჭერა თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ათვისებაში); ექსპერტულ ცოდნას (ინდივიდუალური მენტორინგი და 8 სასწავლო მოდული (იდეის ვალიდაცია, Lean Canvas, პროტოტიპირება, Pitching და სხვა) და ფინანსურ მზაობას (კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ სრული მზაობა GITA-ს საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად).

პროგრამა 8 ინტენსიური მოდულისგან შედგება, რომლებიც თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს წარმოადგენს. ინიციატივის კულმინაციაა Demo Day - მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეები საკუთარ იდეებს და ბიზნესგეგმებს ჟიურის წევრების და პოტენციური ინვესტორების წინაშე წარადგენენ“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შევსება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლია.
კვირის ამბები