2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა და ცენტრის საგნობრივი მიმართულებების წარმომადგენლები გაუძღვებიან.
„მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.
ამასთან, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება ხშირად დაშვებული შეცდომები და გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მოსამზადებლად.
საინფორმაციო შეხვედრების ციკლის პირველი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, 2026 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ლიტერატურის (არჩევითი საგანი) გამოცდებს დაეთმობა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე გაუძღვება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით ჩატარდება და დასწრება თავისუფალია.