საზოგადოება
17.05.2026 15:21
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღე გორში მასშტაბურად აღინიშნა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღე მასშტაბურად აღინიშნა შიდა ქართლში.

გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მსახურება აღესრულა.

მრევლთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მსახურებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.

მსახურების დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღვრობით, აღდგომის სახელობის ტაძრიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო.

,,მოგეხსენებათ, საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა, დღეს აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, ამ დღის აღსანიშნავად, გორში შეიკრიბა რეგიონის მოსახლეობა. მინდა, მივულოცო თითოეულ მათგანს, სრულიად საქართველოს, ყველა ქართულ ოჯახს ეს დღე, მინდა, ვუსურვო მშვიდობა, დღეგრძელობა და წარმატებები“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.
კვირის ამბები