გორში მასშტაბურად აღინიშნა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღე
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღე მასშტაბურად აღინიშნა შიდა ქართლში.
გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მსახურება აღესრულა.
მრევლთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მსახურებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.
მსახურების დასრულების შემდეგ, გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღვრობით, აღდგომის სახელობის ტაძრიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო.
,,17 მაისს საქართველოში აღინიშნება ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დაცვის დღე. ამ დღესტან დაკავშირებით, ყველა რეგიონში აღესრულება მსახურება და გვიხარია, რომ ადამიანები, რომლებიც დედაქალაქში ვერ მიდიოდნენ, გულნაკლულები იყვნენ, რომ ამ ზეიმში ვერ მონაწილეობდნენ. მადლობა ნეტარხსენებულ ილია მეორეს ამ დღის დაწესებისთვის და მე მჯერა და მწამს, რომ პატრიარქ შიო მესამის პერიოდში კიდევ მეტ ძალას მოიკრებს ამ დღის აღნიშვნა და მეტ მნიშვნელობას სეიძენს. ყველას გილოცავთ! მსახურება ერთად აღვასრულეთ გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოებამ, მსახურების შემდეგ აღესრულა ლიტანიობა, ერთად მოვიარეთ ქალაქის ქუჩები და ყველას გავუზიარეთ ეს სიხარული“, - აღნიშნა მღვდელმა გიორგი კარელიძემ.
შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.