შემოქმედებითი სახელოსნო პატარა გარეჯვარში - სკოლის მოსწავლეები ძერწვის და ხატვის ტექნიკას ეუფლებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში პროექტი - „შემოქმედებითი სახელოსნო“ მიმდინარეობს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო ძერწვის და ხატვის წრეებით ისარგებლონ.
როგორც „გორის მაცნესთან“ სკოლის დირექტორმა სუზი ბერიძემ აღნიშნა, სახელოვნებო წრეს ადგილობრივი მკვიდრი ნაილი ტეტუნაშვილი ხელმძღვანელობს და მოსწავლეები მათთვის საინტერესო საქმიანობას ეუფლებიან და ულამაზეს ნამუშევრებს ქმნიან.
„აღნიშნულმა პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან. ყველასთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შესაძლებლობის შექმნა ადგილზე, ვინაიდან მსგავს წრეებზე ბავშვების ტარება ხშირად ფინანსური ხარჯის და ტრანსპორტირების პრობლემის გამო ვერ ხერხდება.
უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამებით სკოლების მხარდაჭერა, რაც დადებითად აისახება არამხოლოდ სასკოლო გარემოს გამოუჯობესებაზე, არამედ მთლიანად სოფლის მოსახლეობაზე“, - აღნიშნა სუზი ბერიძემ.