გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება დაიწყო
2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები 14 ივნისის 18:00 საათამდე მიიღება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, მისი დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონულად: online1 .naec .ge, ასევე მატერიალურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. №9), ხოლო რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
თანხის ჩარიცხვა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება.
„საფასურის დაბრუნების მოთხოვნით ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულზე მეტი ოდენობით გადაიხადეს, საფასური გადაიხადეს, თუმცა სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში არ გაიარეს რეგისტრაცია და ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებმაც რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გამოცდაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა რეგისტრაციის საფასური გადაიხადა, თუმცა არ გაიარა რეგისტრაცია, ვალდებულია შეავსოს ამობეჭდილი განცხადების ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.