საზოგადოება
14.05.2026 15:01
პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი ხვალ დაიწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი - III ეტაპი ხვალ, 15 მაისს დაიწყება, რაც ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპი 2026–2027 სასწავლო წელს საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციას საყოველთაო რეგისტრაციამდე დაემატა და ბავშვს იმ საჯარო სკოლაში რეგისტრაციის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარეობს.

„ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია 15 მაისის 09:00 საათიდან - 25 მაისის 24:00 საათის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration. emis. ge გაგრძელდება, რომელსაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. მესამე ეტაპზე რეგისტრაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად განხორციელდება.

საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი“, - აცხადებენ უწყებაში.

სკოლებში არსებული ლიმიტების შესახებ ინფორმაცია, რეგისტრაციის დეტალური და ვიდეო ინსტრუქციის ნახვა მსურველებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0 32 2 200 220

შეგახსენებთ, ტერიტორიული პრინციპით ელექტრონული რეგისტრაცია 12 საპილოტე ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი) განხორციელდება.

IV ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირის ამბები