საზოგადოება
13.05.2026 15:21
ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს
თბილისიდან ბათუმში მატარებლები, 5 საათის და 30 წუთის ნაცვლად, დაახლოებით 4 საათში ჩავლენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, კასპი-გრაკალის სარკინიგზო გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც ხელს შეუწყობს მგზავრობის დროის შემცირებას.

„ლიანდაგის შვიდ კილომეტრიან მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა. სალიანდაგო სამუშაოებთან ერთად, საკონტაქტო ქსელის პარამეტრების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მიმდინარეობს და ინფრასტრუქტურული სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

კასპი-გრაკალის გადასარბენი თბილისი-ბათუმის მაგისტრალური რეისის შემადგენელი ნაწილია, ზაფხულის სეზონამდე კი ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისიდან ბათუმში მატარებლები 5 საათის და 30 წუთის ნაცვლად, დაახლოებით 4 საათში ჩავლენ“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
კვირის ამბები