საზოგადოება
13.05.2026 11:43
მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 17 მაისს დასრულდება
წელს მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 11-17 მაისს აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის ზიანზე და ფოკუსირებულია, ხელი შეუწყოს მოსახლეობაში მარილის მოხმარების დღიური რაოდენობის 5 გრამამდე შემცირებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, კვირეული ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას მარილის ჭარბი მოხმარების შემცირებისთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

„მარილიანი საკვები ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, თუმცა, რეალურად, ჭარბი მარილის უარყოფითი ზემოქმედება გაცილებით მასშტაბურია.

მარილის რეგულარულად ჭარბი მოხმარება აზიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს - გულს, ტვინს, თირკმელს და სისხლძარღვებს. იგი ხელს უწყობს ისეთი მძიმე პათოლოგიების განვითარებას, როგორიცაა: გულის შეტევა, გულის უკმარისობა, ინსულტი, სისხლძარღვოვანი დემენცია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ოსტეოპოროზი და კუჭის კიბო.

გლობალურად, სუფრის მარილის საშუალო დღიური მოხმარება ზრდასრულებში 10.78 გრამია, რაც 2-ჯერ აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დოზას (5 გრ./დღეში). საქართველოში იგივე მაჩვენებელი 15.8 გრამს შეადგენს.

აღნიშნული საფრთხეების მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა მარილის მოხმარების რეკომენდებულ ნორმას კვლავ აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ მიღებული მარილის ძირითადი წილი არა სახლში მომზადებულ კერძებზე, არამედ იმ მზა პროდუქტებზე მოდის, რომლებსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ.

ნაკლები მარილი, მეტი სარგებელი - მარილის მოხმარების 5 გრამამდე შემცირებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში საქართველოში 10 000 ადამიანს გადავარჩენთ“, - აცხადებენ მედიკოსები.
კვირის ამბები