საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს.
საქართველოს ეკლესიის მმართველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, 57 წლის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იყვნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე მიტროპოლიტმა შიომ ხმების (39 მღვდელმთავრის ხმა) უმეტესობა - 22 ხმა მიიღო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას 1200-მდე დელეგატი ესწრებოდა.
კრება მიმდინარეობდა იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული.
კრებაზე, პატრიარქობის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა წარადგინეს, რის შემდეგაც დაიწყო შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები წარმოთქვამენ სიტყვას და შემდგომ დაიწყო კენჭისყრა. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი დაილუქა.
კრებას სინოდი სრული შემდგენლობით ესწრებოდა. ხმების დამთვლელ კომისიას ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე თავმჯდომარეობდა.
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისთვის.
სამების ტაძარში კრებაზე დასწრება კი შესაძლებელი იყო მხოლოდ სპეციალური სიებით.
საქართველოს ახლადარჩეული პატრიარქი, მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში - ელიზბარ მუჯირი) დაიბადა 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში.
1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარიბერად აღკვეცეს და უწოდეს სახელად შიო.
2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, აირჩიეს ახლადჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.