რეფერენტული ფასები აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განისაზღვრება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გადაწყვეტილება სამინისტრომ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღო და 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია. ამჯერად კი რეფერენტული ფასები ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა - ხშირად მოხმარებად პრეპარატებს შეეხება.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ახალ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედება, წინა ეტაპების მსგავსად, მნიშვნელოვნად გააიაფებს პროდუქციას, მოქალაქეებისთვის კი გაზრდის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით კი ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პროცესი გაგრძელდება და ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.
„რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა“, - აღნიშნეს სამინისტროში.