საზოგადოება
11.05.2026 11:54
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან, 11 მაისიდან დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე - vet.ge, ასევე სასწავლებლებში.

როგორც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, წელს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.

„კვლავ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად კი გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.

რეგისტრაცია, ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. აღნიშნული მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50 % ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში“, - აცხადებენ სამინიატროში.

2026 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე, რეგისტრაციის ინსტრუქცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ პორტალზე: vet. emis. ge, ან დარეკონ ცხელ ხაზზე (+995 32) 2200 220.
კვირის ამბები