საზოგადოება
07.05.2026 13:40
„გააცოცხლე ტყის ისტორია შენი კომიქსით“ - კონკურსი მოსწავლეებისთვის
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კომიქსების კონკურსი - „გააცოცხლე ტყის ისტორია შენი კომიქსით“ გამოაცხადა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი საქართველოს მასშტაბით, პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ბავშვებში ტყის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების და ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას შემოქმედებითი ფორმით.

რაც შეეხება მონაწილეობას, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ I-V კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც უნდა შექმნან ხელით შესრულებული, ტყის სამყაროს ამსახველი კომიქსი.

„კომიქსში შეიძლება იყოს წარმოდგენილი ტყის ცხოველები და ფრინველები, ხეები, ყვავილები, მცენარეები, ზღაპრული ან რეალისტური ტყის გარემო. კომიქსის სიუჟეტი კი შეიძლება იყოს ფანტაზიური, მხატვრული, შემეცნებითი. თითოეულ ნახატს უნდა ახლდეს მარტივი ტექსტი ან დიალოგი (ასაკის შესაბამისი).

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ მაღალი გარჩევადობს კომიქსის ფოტოები, მოსწავლის სახელი და გვარი, კლასი და სკოლა, საკონტაქტო მასწავლებლის, ან მშობლის სახელი და მობილურის ნომერი.

ფინალში გადასული 10 მონაწილე მოწვეული იქნება დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს“, - აღნიშნეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.

განაცხადების მიღება 20 მაისის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული ბმულის საშუალებითაა შესაძლებელი.
კვირის ამბები