მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციის და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა.
კანდიდატებს საგამოცდო საფასურის (არანაკლებ ერთი გამოცდის) გადახდა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისის 18:00 საათამდე, ხოლო რეგისტრაციის დასრულება 6 მაისის ნაცვლად, 11 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, საგამოცდო საფასურის გადახდა რეგისტრაციის პროცესის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და აღნიშნული ვადების დაცვა სავალდებულოა.
„ვადების გახანგრძლივება მიზნად ისახავს კანდიდატების ხელშეწყობას, რომ მათ სრულფასოვნად და შეუფერხებლად შეძლონ რეგისტრაციის პროცედურის გავლა.
განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდეგ რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება.
სპეციალური საგამოცდო პირობების საჭიროების მქონე პირებმა კი რეგისტრაციისას უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი და 11 მაისის 18:00 საათამდე წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
რაც შეეხება რეგისტრაციას და თანხის გდახდას, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (online. naec. ge) შეუძლიათ. მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ერთი საგნის გამოცდის ნაცვლად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და, ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.