საზოგადოება
05.05.2026 13:48
5 მაისი ბებიაქალთა საერთაშორისო დღეა
დღეს, 5 მაისს, ბებიაქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1991 წელს, 35 წლის წინ ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის მიერ დაწესდა და საზოგადოებაში ბებიაქალთა (მეანი ექთნის) მნიშვნელოვანი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

წელს ბებიაქალთა საერთაშორისო დღე თემით: „ბებიაქალები: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის“ აღინიშნება, რაც ხაზს უსვამს ბებიაქალების მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილების პირობებში დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში.

მედიკოსთა თქმით, ბებიაქალები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის და ავადობის შემცირებაში. მათ, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

„საქართველოში, საექთნო და ბებიაქალთა საქმიანობის მხარდაჭერის და პროფესიული გაძლიერების მიზნით, გასული წლებში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში, რომელთა მიხედვითაც ექთნების და ბებიაქალთა პროფესიები რეგულირებად პროფესიებად იქცა. ასევე, კანონით განისაზღვრა ექთნების და მეანი ექთნების საბაკალავრო, დიპლომისშემდგომ და უწყვეტ განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ბებიაქალთა როლი უმნიშვნელოვანესია გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების იმ მიზნების მისაღწევად, როგორიცაა დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კვირის ამბები