ინტელექტუალურ შეჯიბრში - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გორის საჯარო სკოლების გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ჩემპიონატზე გორის მეორე და მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და ათეულში მოხვდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ინტელექტუალური შეჯიბრი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და ნახევარფინალში 235 გუნდი მონაწილეობდა.
რაც შეეხება გორელებს, მეორე საჯარო სკოლის გუნდმა (პედაგოგი ლეილა ჯანაშვილი) ირაკლი ბაინდურაშვილის (კაპიტანი), ნიკოლოზ გვრიტიშვილის, ნინი ოლგესაშვილის, ილია კალმახელიძის და ლექსო არაბაშვილის შემადგენლობით, 20-დან 17 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ხოლო მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდმა (პედაგოგები სოფიო სეხნიაშვილი, ნანული ბუზიაშვილი) სერგი თვაურის (კაპიტანი), ანდრია მაკაროვის, ნანა ლომიძის, მათე ტეტუნაშვილის და ანი ლომსაძის შემადგენლობით, 20-დან 16 ქულა დააგროვა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.
საგანმანათლებლო პროექტი „რა? სად? როდის?“ ფორმატში ჩატარდა და ფინალს დედაქალაქი უმასპინძლებს.