პროექტში - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ მეორე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა
პროექტში - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ მეორე ეტაპის მონაწილეთა შესარჩევად რეგისტრაცია გამოცხადდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და სასწავლო ტურში მონაწილეობა რეგიონის (თბილისის და რუსთავის გარდა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს. კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.
„ტური 17 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით თბილისში ჩატარდება და მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გააანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება მათივე სამუშაო გარემოში დანერგონ.
პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნის და უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე (მასწავლებლის სახლი) მითითებული ბმულის საშუალებით შეუძლიათ.