ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ზრდასრული პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლებენ - რას სერვისებს მიიღებენ ბენეფიციარები
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად, კვლევით, სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებებს სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრული პაციენტებიც მიიღებენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენის და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. სიახლის ამოქმედებით კი ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
რაც შეეხება სერვისებს, ახალი პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე - კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.
ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ექიმებს და კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელთაც აქვთ ინტერესი, პროგრამაში ჩაერთონ და ბენეფიციარებს აღნიშნული სერვისები შესთავაზონ.