საზოგადოება
27.04.2026 14:21
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის მონაწილე გორელი პედაგოგი ნანა ლომიძე დაჯილდოვდა

დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის მონაწილე გორელი პედაგოგი ნანა ლომიძე ქართული ენის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

ნანა ლომიძე გორის მე-8 საჯარო და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის  სკოლა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელია.

ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ეკატერინე ხუციშვილთან ერთად დააჯილდოვა.

„ქართული ენა არის ის საყრდენი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა. დღეს ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე რესურსების შექმნას და მისი პოპულარიზაციის მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამინისტროსთვის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო პროცესის ქართულ ენაზე უზრუნველყოფა. ჩვენი დიასპორის პროგრამის მიზანი სწორედ ეს გახლავთ - პროგრამა 2017 წლიდან ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეების აკადემიური შესაძლებლობების განვითარებას, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის პროფესიული კომპეტენციების ამაღლებას და მათთვის ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება. 2025 წელს, პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის’’, რომელიც 82 ქვეყნის 3 080-მდე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ონლაინ ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

კვირის ამბები