წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე გორის მერიაში შეხვედრა გაიმართა
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოგი ნოზაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო შეხვედრას, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიცე-პოლკოვნიკმა გიგი ნოზაძემ შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული სიახლეები განიხილა, რომლითაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ხელმძღვანელობს.
აღინიშნა, რომ 2025 წლიდან, კანონმდებლობის მიხედვით, წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაშია შესაძლებელი.
რაც შეეხება ანაზღაურებას და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებს:
წვევამდელთა საბრძოლო ქვედანაყოფში 6 თვის განმავლობაში ანაზღაურება 765 ლარია; საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში - 8 თვის განმავლობაში ანაზღაურება 635 ლარს შეადგენს; უმცროსი სამეთაურო თანამდებობასა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის (11 თვე) ანაზღაურება 1275 ლარიდან 1530 ლარამდეა. 11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი აღნიშნული პირებს ოფიცრის (ლეიტენანტი) ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ.
შეგახსენებთ, გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი გასული წლის 12 მარტიდან ფუნქციონირებს.
წვევამდელთა გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად, ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპზე აგებული ალგორითმით წვევამდელთა შერჩევას ახორციელებს.