25.04.2026 21:52
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის მონაწილე გორელი მასწავლებელი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ეკატერინე ხუციშვილთან ერთად, ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა. ერთ-ერთი, ვინც ქართული ენის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა, გორის მე-9 და მე-6 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო მღებრიშვილია.
„ქართული ენა არის ის საყრდენი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა. დღეს ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე რესურსების შექმნას და მისი პოპულარიზაციის მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამინისტროსთვის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო პროცესის ქართულ ენაზე უზრუნველყოფა. ჩვენი დიასპორის პროგრამის მიზანი სწორედ ეს გახლავთ - პროგრამა 2017 წლიდან ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეების აკადემიური შესაძლებლობების განვითარებას, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის პროფესიული კომპეტენციების ამაღლებას და მათთვის ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. ნინო მღებრიშვილი 1995 წლიდან მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 2011- 2018 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განათლების ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი იყო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. ,,ისტ-ი, იგივე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ძალზე მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებდნენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ საგაკვეთილო პროცესი, მითუფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამას დაწყებით კლასებში, რადგან ამ დროს, მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, თვალსაჩინო მეხსიერება აქვთ და ტექნოლოგიების გამოყენება მათ ეხმარებათ, რომ უკეთ აღიქვან და დაიმახსოვრონ ახალი მასალა და ინფორმაცია. რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ამ პროგრამას, ქართული ენის დისტანციურ სწავლებას, ეს გახლავთ ქართველების ერთ-ერთი დამაკავშირებელი ხიდი იდენტობასთან. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ვარ“, - აღნიშნა ნინო მღებრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება. 2025 წელს, პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის’’, რომელიც 82 ქვეყნის 3 080-მდე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ონლაინ ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

