„საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებს და მოსახლეობას შეხვდა
„საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი მამელი ქობალია, კომპანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებს და მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე საირიგაციო მომსახურების სუბსიდირების არსებული სქემა და წყალსარგებლობის განრიგის დროულად შეთანხმების მნიშვნელობა განიხილეს. იმსჯელეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებზე, მათ შორის წყლის განაწილების ოპტიმიზაციასა და მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
როგორც მამელი ქობალიამ აღნიშნა, სარწყავი სეზონის დაწყებამდე ფერმერებთან პირდაპირი და სისტემური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა კომპანიამ დროულად შეძლოს საჭიროებების იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირება.
„ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსების უფრო ეფექტიან მართვას, სამართლიან განაწილებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილურ, გარანტირებულ მორწყვას.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები საირიგაციო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი პროექტების შესახებ.
„საქართველოს მელიორაცია“ აგრძელებს რეგიონებში ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას, რაც მიზნად ისახავს სარწყავი ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვასა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნულია საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.