გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და 75 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ხიდისთავის გარდა, საბავშვო ბაღები აშენდება ჩოხატაურის (სოფელ ქვენობანში), დმანისის (სოფელ ბოსლებში) და ლანჩხუთის (ქალაქ ლანჩხუთში და სოფელ წყალწმინდაში) მუნიციპალიტეტებში.
„შესაბამისი ხელშეკრულებები კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდა და მომსახურების შესრულების ვადად 6 თვე განისაზღვრა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების პროექტები, შემდგომში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები.
ახალ საბავშვო ბაღებში შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტულ, უსაფრთხო და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარეის ფონდში.