გორის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა ილია II-ის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს, შესრულდა პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლები. ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, მისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
დამსწრე საზოგადოებამ უწმინდესის და უნეტარესის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების ვიდეოკადრებიც იხილა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
როგორც გორის მერმა აღნიშნა, თითოეული მოქალაქის ვალია, გამოხატოს მადლიერება იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც პატრიარქმა მრავალი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსთვის გაწია.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, გამოვხატო სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც პატრიარქმა მრავალი ათწლეულის განმავლობაში გასწია საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისა და ადამიანებისთვის.
თითოეული ჩვენგანი გულით ვატარებთ მადლიერებას იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და ხალხს.
მნიშვნელოვანია, ეს მადლიერება მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს - იგი ვაქციოთ საქმედ, ერთობითა და ერთმანეთის სიყვარულით“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) კურთხევით და ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სტუდია „ოქონას“ თანადაფინანსებით ჩატარდა.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ხუთასმა ახალგაზრდამ პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი თეთრი ვარდებით შეამკო.