
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია, აღნიშნულზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა, რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის ამ სისტემის სტაჟიანი წარმომადგენელი. მინდა ვუსურვო მას წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.