გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჩართულობით, პროექტი „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დასრულდა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დასრულდა.
საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გორის №10, ქვემო სობისის და ბერშუეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც „გორის მაცნესთან“ მეათე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო წიკლაურმა აღნიშნა, პროქტის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის მნიშვნელობა, განხორციელების გზა და როლი მოსწავლეთა კვლევითი უნარების ჩამოყალიბებაში.
„საინტერესო და ბავშვების განვითარებისთვის საჭირო პროექტი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 40-მდე მოსწავლე იყო ჩართული.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს, პირველ რიგში, განუვითარდათ კვლევითი უნარები, მონაწილეებმა, ასევე გამოიკვლიეს და დაადგინეს ბიფიდობაქტერიების დადებითი როლის მნიშვნელობა მეცხოველეობის პროდუქტიულობის ზრდასა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების საქმეში.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს თინათინ იოსებიძეს, ნუცა მთვარელიძეს, (პროექტის ასისტენტი), თამარ ბერიძეს (პროექტის თანახელმძღვანელი), ილია მთვარელიძეს, ზურაბ პაპიაშვილს, რომელთა აქტიური ჩართულებით მოსწავლეებმა არაერთი საჭირო უნარი შეიძინეს. მადლობა, ასევე მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ნინო წიკლაურმა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.